„ნაციონალურ მოძრაობას“ ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი, რომელსაც კრიმინალი მერაბიშვილი ხელმძღვანელობს - კობახიძე 

28 ოქტომბერი 2020, 13:04 1459 ნახვა

''ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მას ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობს.

''გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე – ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი. გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების ყველანაირი იმედი დაკარგული აქვს და რჩება მხოლოდ ერთი საზრუნავი, როგორ მიაყენონ ჩრდილი კარსმომდგარ არჩევნებს.

''არჩევნებამდე რჩება სამი დღე და ყველასთვის ცხადია, რომ ''ქართული ოცნება'' დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემები. გუშინ ჩვენ ვამხილეთ რადიკალური ოპოზიციის ყალბი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა რეალური ამოცანა სწორედ არჩევნების შედეგებისადმი თუნდაც მინიმალური უნდობლობის გაჩენაა. ბუნებრივია, მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, რასაც გუშინდელი მხილებაც შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა გასული კვირეების განმავლობაში საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ძალისხმევით მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება გახდა შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით, ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას. რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ზრახვებზე მეტყველებს მათ მიერ გაყალბებულ კვლევებში დასმული აქცენტები და ამ კვლევების პროპაგანდირების ფორმებიც.

საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლევებს არა საზოგადოების განწყობების შესასწავლად, არამედ საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს, თუმცა, მათი ამგვარი მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული'' - განაცხადა ''ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი