კოვიდპანდემიის ფონზე ბათუმის ბულვარში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა

16 ოქტომბერი 2020, 23:34 3195 ნახვა

ბათუმის ბულვარში „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

შეხვედრა ხალხმრავალი იყო. იმ ფონზე როდესაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ამომრჩეველთა ნაწილს პირბადე არ ეკეთა, დარღვეული იყო სოციალური დისტანცია. 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მართავს და ამიტომ ოპოზიციამაც მიიღო გადაწყვეტილება მსგავსი ტიპის შეხვედრა გაემართა.

„ჩვენ ვუყურეთ ბატონ გახარიას შეხვედრას და გადავწყვიტეთ, რახან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასეთ შეხვედრებს ატარებს, ესე იგი ყველას შეუძლია ჩაატაროს."

კითხვაზე თუ რატომ არ იყო ბათუმის ბულვარში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე რეგულაციები დაცული გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ პასუხისმგელობლობა მთლიანად კორონავირუსს ეკისრება.

,,პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია, მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას.“ - ამბობს ვაშაძე.

მისივე განცხადებით, ისინი არ ელოდებოდნენ მოქალაქეების ასეთი ნაკადს. აღნიშნა, რომ საშიშროება ნამდვილად არის, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიას ოპოზიცია ვერ შეწყვეტს, რადგან ქვეყანა კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშეც დგას.

"საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლა წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობის მილიონ ორასი ათასამდე გაყარა ემიგრაციაში. რეგულაციების დაცვა აუცილებლად შეიძლებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და არ ველოდით, არ ვიცოდით, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა" - აცხადებს ვაშაძე.

ცოტახნის წინ, ბათუმში გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარადგინა

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში