კორონავირუსის ვაქცინა ჩავარდა - ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე

14 ოქტომბერი 2020, 14:56 5728 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე ორმა მსხვილმა კომპანიამ "Johnson & Johnson's"-მა და "AstraZeneca" ვაქცინის ცდის საბოლოო ეტაპი დროებით შეაჩერა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ დაუდასტურა. მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა ჩავარდა.

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვაქცინას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ და ის მზად სავარაუდოდ, 2-დან 5 წლამდე პერიოდში იქნება.

"ტესტირების დროს, როცა ისინი დიდ მასებზე გავიდნენ,ერთ-ერთი პაციენტი დაავადდა.ფაქტია, რომ ორივე კომპანიამ შეაჩერა ვაქცინაზე მუშაობა. მეცნიერულ ენაზე ამას ჰქვია, რომ ვაქცინა ჩავარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა ძალიან მალე არ იქნება. ყველა კომპანია ვაქცინაზე მუშაობისას იყენებს სხვადასხვა მეთოდოლოგიას. ზოგიერთი ვაქცინა მაგალითად ითხოვს -30 გრადუსზე შენახვას.

 

შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ვაქცინა უნდა იყოს კარგი და ეფექტური, მნიშვნელოვანია მისი ტრასნპორტირების და სწორად მიწოდების საკითხიც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ ვაქცინიდან ვართ ძალიან შორს, ძირითადად ის ვინც საუბრობს, რომ ხვალ-ზეგ ვაქცინა იქნება ესენი არიან ფინანსურად ან პოლიტიკურად დაინტერესებული ხალხი. მეცნიერები ამას არაფრით იტყვიან.

 

მე ვფიქრობ, რომ კორონავირუსის ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება და მას ჩვენ 2 დან 5 წლამდე პერიოდში უნდა ველოდოთ"-აცხადებს ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, ამბობს, რომ წინ კიდევ კორონავირუსის 2 ტალღაა მოსალოდნელი.

"მეორე ტალღა რომელიც მოსალოდნელი იყო უკვე დაიწყო ოქტომბერში და იმედია იანვარში დამთავრდება. მესამე ტალღა დამოკიდებული იქნება ჯანდაცვის სისტემაზე. ერთი რაც ვისწავლეთ კორონას არ მოწონს ულტრაიისფერი სხივები, მზე, ამიტომ შეიძლება ზაფხულში შემთხვევებმა იკლოს და მესამე ტალღას უნდა ველოდოთ მომავალი წლის შემოდგომაზე, დაახლოებით იგივე პერიოდში. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება ვაქცინა"- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

მისივე განმარტებით, ის მოსაზრება, რომ ჩვენ კორონავირუსს გადავიტანთ და ის აღარ დაგვემართება მცდარია. გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსი ორგანიზმში ტოვებს ბევრ თანმდევ დაავადებას, რომლებმაც შესაძლოა წლების შემდეგ იჩინოს თავი.

"ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით ამ დაავადების შესახებ. ის მოსაზრება, რომ ჩვენ კორონავირუსს მოვიხდით და ის არ დაგვემართება მცდარია. ცნობილია, რომ ის ორგანიზმში ტოვებს ძალიან ბევრ თანმდევ დაავადებას გულის, თირკმლის პრობლემებს.

იმის თქმა, რომ ის მოხდიდან 6 თვეში თავიდან არ დაგემართება არ შეგვიძლია"- განმარტავს გიორგი ფხაკაძე.

გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი ამბობს, რომ მართალია გრიპის ვაქცინა კორონასგან არ დაგვიცავს, მაგრამ იმუნურ სისტემას გააძლიერებს და მასთან ბრძოლას გაამარტივებს.

" გრიპის ვაქცინა კორონასგან არ დაგვიცავს, მაგრამ იმუნურ სისტემას გაგიძლიერებთ და თუ დაგემართებათ კორონა ბრძოლისუნარიანობა უფრო მაღალი იქნება. გრიპის ვაქცინა იქნება ერთგვარი პროფილაქტიკა და შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას და გრიპისგან არ მოკვდებით"-აცხადებს ექსპერტი.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის მთავარი რეკომენდაციაა ვატაროთ პირბადე როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში და დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი