სამართალდამცველებმა თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“ და „მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.