„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას ქუთაისის ბიუჯეტის გაუმართლებელ სეკვესტრში ადანაშაულებს. სპეციალურ გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის საკრებულოს წევრმა, გიგა შუშანიამ, საკრებულოს მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
მისი თქმით, ''ქართულმა ოცნებამ'' ქუთაისში შევარდნაძის ეპოქა დააბრუნა, რადგან 8 მილიონ 300 000 ლარითაა შემცირებული მუნიციპალიტეტის შემოსავლები. ''ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნია, რომ ეს არის ''ქართული ოცნების'' და პირადად ივანიშვილის მიერ, ქუთაისის წინააღმდეგ განხორციელებული მავნებლური, მტრული დამოკიდებულების და არასწორი პოლიტიკის შედეგი, რის გამოც ქუთაისი იქცა დაპაუზებულ და უფუნქციო ქალაქად.
„ბიუჯეტის შემცირება რიგით ქუთაისელებს შეეხო. სამწუხაროდ, ''ქართულ ოცნებას'' ქუთაისთან მიმართებაში მოუწია საკუთარი მავნებლური და არასწორი პოლიტიკის შედეგების აღიარება და ქუთაისის საკრებულომ განახორციელა ბიუჯეტის სეკვესტრი 2 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 5 მილიონ 600 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ახალი საგარეო ვალით დაკომპენსირდა. დღეს ქართული ოცნება ქუთაისელებს გვეუბნება, რომ კრიზისის გამო იძულებულია ამ ნაბიჯზე წავიდეს, თუმცა ეს კრიზისი მხოლოდ რიგით ქუთაისელებზე ვრცელდება და ის არ ეხება ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს.
განხორციელებული სეკვესტრით 1 თეთრითაც არ შემცირებულა ქუთაისის მერის, იმერეთის გუბერნატორის და მათი მოადგილეების, ოცნების სხვა მაღალჩინოსანთა ხელფასები და ისინი ისევ გააგრძელებენ ბიუჯეტის საკუთარ კომფორტზე და ნათესავების და ახლობლების შენახვაზე ხარჯვას“,- განაცხადა გიგა შუშანიამ.
ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რომ ოპოზიცია სათანადოდ ვერ იაზრებს გლობალურ გამოწვევას და მის შედეგებს, რომ პანდემია ასახვას ჰპოვებდა ქალაქის ბიუჯეტზეც. საკრებულოს უმრავლესობაშუ ამბობენ, რომ ბიუეჯტში ცვლილების მიუხედავად 2020 წელს დაგეგმილი პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
''მოქალაქეების და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოგვეხდინა დამატებითი სუფსიდირება ადგილობრივი მოსაკრებლების ნაწილში, ეს ეხება დასუფთავების, სატრანსპორტო და სხვა მოსაკრებლებლებს. შემცირდა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ბიუჯეტი. ამასთან მნიშვნელოვნად შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები. დამატებით თანხების მობილიზების მიზნით პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომითი ანაზღაურების მესამედი მიექცა კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის ფონდში. ადგილობრივ დონეზე სუფსიდირებასთან ერთად, ჩვენ მოვახერხეთ ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული ხარჯები მიგვემართა სოციალური პროგრამების ფონდში“,- აცხადებს ირაკლი შენგელია საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
დავუკავშირიდით ქუთაისის მერიასაც, თუმცა ამ დრომდე ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საკრებულოზე კი მერიის წარმომადგენელი სეკვეტრის აუცილებლობას პანდემიით ხსნიდა. გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქის ბიუჯეტმა 2 206 000 ლარის სეკვესტრი განიცადა. მუნიციპალიტეტის შემოსავლები ჯამში 8 300 000 ლარით შემცირდა. შემცირებები შეეხო საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციული ხარჯებს. სპორტული და კულტურული ღონისძიებების ნაწილს. დოკუმენტში ასევე ასახულია კერძო სექტორს და ბიზნესის სუბსიდირების მიზნით ადგილობრივი მოსაკრებელების გაუქმებით გამოწვეული ცვლილებები.
საკრებულოს ქუთაისის ბიუჯეტი 78 840 000 ლარი იყო, ხოლო შემცირების შემდეგ 76 654 000 ლარი გახდა.