თურქეთში დასაქმებულები სარფის საბაჟოსთან აქციას მართავენ და საზღვრის გახსნას ითხოვენ

01 ივლისი 2020, 13:11 6859 ნახვა

მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, სარფის საბაჟოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მეზობელ ქვეყანასთან საზღვრის გახსნას ითხოვენ. ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 4 თვეა სამსახურის გარეშე არიან. 

აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ ქემალ ფაშაში სამუშაოდ ვეღარ გადადიან, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად აისახა.  მათი თქმით, ამ დრომდე არანაირი სახის დახმარება არ მიუღიათ. 

"აქ ვინც ვართ დახმარება არც ერთს მიღებული არ გვაქვს, გადავდიოდით, ვმუშაობდით ყოველდღე. ახლა კი დავრჩით ლუკმა-პურის გარეშე. გახსნან საზღვარი და მოგვცენ მუშაობის საშუალება"- აცხადებს აქციის ერთ ერთი მონაწილე.

საზღვართან შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავენ და კონკრეტულ პასუხს თორნიკე რიჟვაძისგან ელოდებიან.

აქციაზე იმყოფებიან მეზობელ ქვეყანაში როგორც ყოველდღიურად გადამსვლელები, ასევე თურქეთში სისტემატურად დასაქმებულები. ნაწილი აცხადებს, რომ სამუშაო ვიზას მოქმედების ვადა ამოეწურა და გასაგრძელებლად გადმოვიდნენ, რის შემდეგაც საზღვარი ჩაიკეტა.

''ეს ერთჯერადი სამასლარიანი დახმარება არის ტყუილი, ეს სამასი ლარი არ მინდა მათი იყო. საზღვარი გახსნან. გვიპასუხონ, გვითხრან ხსნიან თუ არა. 10 მარტიდან ჩავიკეტეთ. სახელმწიფომ კომუნალური შეღავათები კი გაგვიკეთა, მაგრამ ივნისში ესეც დამთავრდა. ჩვენ ოჯახები გვაქვს, შვილები გვყავს, გვშია. თურქეთში გადავდიოდით, ყოველ დღე ფულს ვშოულობდი და ოჯახში მიგვქონდა. ამ თვიდან კომუნალური გადასახადიც დაგვემატა, რით ვიცხოვროთ, როგორ გადავიხადოთ?'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ერთ-ერთმა თვითდასაქმებულმა. 

აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ადგილზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსი მივიდა. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ამის საშუალება არ მისცეს.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 15 მარტიდან შეჩერებულია. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებში სეზონურად დასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ. თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის სამინისტროსა და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებს სთხოვა, მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში დახმარება გაუწიონ.  

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საზღვარგარეთ სეზონურად მომუშავეები 15 ივლისამდე  სარეგისტრაციო პორტალზე ( https://compensation.moh.gov.ge/ ) უნდა დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ მოქალაქეებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში