20 ივნისთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით - ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია - გახარია

18 ივნისი 2020, 13:51 1012 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით - ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. გიორგი გახარიას თქმით, მთავარია ის, რომ მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტზე შტურმი აღკვეთა. 

ჟურნალისტებმა პრემიერ მინისტრს ჰკითხეს, 20 ივნისის საქმეზე რამდენჯერ იმყოფებოდა გამოკითხვაზე, ასევე ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. 

''რამდენჯერ ვიყავი გამოკითხვაზე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორჯერ ნამდვილად ვარ ნამყოფი. სამწუხაროდ, უკვე რვა თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცეები მეხსიერებაში იშლება. ერთი რამე მინდა ამაზე გიპასუხოთ, ე.ი. 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება - ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით? ეს ყველაფერი ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. 

რა არის ჩემთვის მთავარი? - ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი თუ ბევრი წელი, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო  იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო უწყებებზე შტურმი, რომელიც შსს-მ და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა მაშინ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა და ეს არ დაუშვეს'' - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი