20 ივნისს ანტისაოკუპაცია აქცია ქუთაისშიც გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე ბალახვნის საფეხურიან კიბესთან შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს ორმეტრიანი დისტანციის დაცვისა და პირბადეებით მისვლისკენ მოუწოდებენ.
"ზუსტად 1 წლის წინ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ პარლამენტში რუსი დეპუტატები შემოუშვა და ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო. ზუსტად ერთი წლის წინ ეს ღიად კოლაბორაციონისტული ფაქტი ათასობით ადამიანმა პარლამენტის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებამ ეს ხალხი, რუსეთისთვის საჩვენებლად, სამაგალითოდ დასაჯა.
1 წლის წინ, 20 ივნისს საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა", - აცხადებენ ორგანიზატორები.
მოქალაქეების პროტესტის მიზეზი, საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება აღმოჩნდა. 20 ივნისს, ღამით რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. დაშავდა 300-მდე პირი და თვალი რამდენიმე ადამიანმა დაკარგა.