ლეიბორისტული პარტიის წევრებმა ქუთაისში ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში აქცია გამართეს. მათი თქმით, ქუთაისში რეგისტრირებული 2467 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 80-მა პროცენტმა ( 1 900 სოციალურად დაუცველმა ოჯახმა) დახმარება ვერ მიიღო.
მათი განმარტებით, მონაცემები ოფიციალური უწყებიდან აქვთ გამოთხოვილი. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეთა ნაწილის განმარტებით, მათ პანდემიის პირობებში დაკარგეს შემოსავალი და ხელისუფლებისგან მინიმალური დახმარებაც კი ვერ მიიღეს.
ლეიბორისტულ პარტიაში მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ერთჯერადი დახმარება გაიცეს.
"ვიცით, რომ პანდემიის გამო ჩაიშალა ღონისძიებები და დაზოგილი თანხით მერიას შეუძლია გაჭირვებულ ადამიანებს 600-600 ლარით დაეხმაროს. თვითმმართველობას ამის საშუალება აქვს. ლეგიტიმური მოთხოვნაა, დაახლოებით 5 მილიონი ლარის ეკონომია რჩება, რადგან იმ კოვიდპანდემიის გამო ბევრი ღონისძიება ჩაიშალა, ხარჯები გამოთავისუფლდა და საჭიროა მხოლოდ ელემენტარული პოლიტიკური ნება და ადამიანობის გამოჩენა საკუთარი მოსახლეობისადმი“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა ირაკლი კიკვაძემ.
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ეს განცხადება არის პოლიტიკური სპეკულაციაა, რომელიც ქულების მოსაპოვებლად გამიზნული.
„ქუთაისის მერია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში შეძლებისდაგვარად დაეხმარა ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ მოქალაქეებს. კერძოდ, სასურსათო ამანათები რამდენჯერმე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, სამამულო ომის და შშმ ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, პირველი ჯგუფის შშმ პირებს. უშუალოდ მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურიდან სააღდგომო ნობათი მიიღო 2750 სოციალურად დაუცველმა ოჯახმა.გარდა ამისა, ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარები საცხოვრებელ ადგილებზე იღებდნენ იმ პროდუქტებს, რაც „მადლიერების სახლის“ სასადილოში მათთვის სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი“- განაცხადა ფიქრია ხაჭაპურიძემ.