„ქურდული სამყაროს“ წევრობის,  ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 13 პირი დააკავეს

20 მაისი 2020, 14:04 2737 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარდა.

''გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს ქ. თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს დანაშაულებრივი საქმიანობა კიდევ 2 ეპიზოდში გამოიკვეთა. კერძოდ, 2020 წლის მარტში და აპრილში, აღნიშნული პირები, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ. საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეებს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი