საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება, რამაც აჩვენა, რომ ის შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს - თენგიზ ცერცვაძე

07 მაისი 2020, 10:00 2472 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში პლაზმაფერეზი COVID-19 ით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ  პირველად გამოიყენეს, რამაც აჩვენა, რომ ის შესაძლოა მძიმე პაციენტების სამკურნალოდ სასარგებლო აღმოჩნდეს.

"ინფიცირებული  მამაკაცი, 60 წლის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში შემოვიდა COVID 19-ის დიაგნოზით 1 აპრილს. შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, ძლიერი ადინამია, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა. რადიოლოგიურად დაფიქსირდა ორმხრივი ფილტვების ანთება და რიგი სერიოზული გადახრები ლაბორატორიული კვლევებით. პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ჰიდროქსიქლოროქინით(პლაქვენილით), ანტიბიოტიკებით, ფრაქსიპარინით და სხვ. მკურნალობის პროცესში ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. 

13 აპრილს ავადმყოფს ჩაუტარდა პლაზმაფერეზის პროცედურა. მარჯვენა იდაყვის ვენის მიდგომით მოშორდა 2 ლ-მდე მომწვანო ფერის პლაზმა. ჩანაცვლება მოხდა ახლად გაყინული პლაზმით და ალბუმინის ადეკვატური რაოდენობით. პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ. 18 აპრილს გაკეთდა პლაზმაფერეზის მე-2 პროცედურა, რის შემდეგაც ავადმყოფის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 26 აპრილიდან მას არანაირი კლინიკური სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გაჯანმრთელებულ მდგომარეობაში.

აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID 19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს COVID 19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“ , - განაცხადა ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი