კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოს მკვიდრი, 50 წლის ქალი. ის რუსეთში იმყოფებოდა და აფხაზეთის გავლით, ზუგდიდში ბრუნდებოდა.
პაციენტი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის, სტაბილურია.
პაციენტს ციება და ხველა აღენიშნება. ქალს კორონავირუსზე ანალიზები გვიან ღამით აუღეს და ქუთაისის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხები, სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში იქნება.
''მოსკოვიდან არის ჩამოსული. აფხაზეთში ჩავიდა და მერე ჩვენთან გადმოიყვანეს. პაციენტი ვინმესთან კონტაქტს არ აღნიშნავს. ორი ადამიანი ერთად მოგზაურობდა, ერთი გადაიყვანეს სოხუმში, მეორე კი ჩვენთან. მას აქვს ხველა და ცხელება. პასუხებს მოგვიანებით ველოდებით,''- განაცხადა ექიმმა ლალი დარახველიძემ.
ქალს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფახულანის ე.წ.გამშვებ პუნქტზე დახვდნენ და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.