გიგი უგულავას დაკავებას “ამერიკის ხმასთან” IRI-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა. დენიელ ტვაინინგი აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოს იარაღად გამოყენება დაუშვებელია. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს დემოკრატია ზეწოლის ქვეშაა. “დემოკრატიის არსი მდგომარეობს პარტიებს შორის ჯანსაღ პოლიტიკურ შეჯიბრში. ის მდგომარეობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში იმის უზუნველსაყოფად, რომ ლიდერები რჩებიან ანგარიშვალდებულნი ხალხის წინაშე და არ იყენებენ ძალაუფლებას ბოროტად, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ”, – ამბობს ტვაინინგი.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში, ისევე როგორ საქართველოში, არსებობს შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. გიგი უგულავას დაკავებას ტვიტერზე გამოეხმაურა ეუთო/ოდირის დირექტორიც. "ვიზიარებ საერთაშორისო საზოგადოების მზარდ შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რომელმაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი დიალოგის ჩაშლასა და მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავიდან ჩაერთოს ამ პროცესში"-აცხადებს ეუთო/ოდირის ხელმძღვანელი.