30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება.
''სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია "მაგირუსის" ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი და ქაფის 300-ლიტრიანი ავზი. ავტომანქანებში დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, რომლებიც სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა."მაგირუსის" სახანძრო ტექნიკა განთავსებულია "ივეკოს" ფირმის საავტომობილო შასზე'' - წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობის და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 მეხანძრე-მაშველი სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაში გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.
განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი ლევან ოღაძე, რომელიც 2019 წლის 12 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯილდო მის შვილს, 6 წლის სანდრო ოღაძეს გადაეცა.