ავღანეთში სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 9, დაკავებულია ერთი ტერორისტი - თავდაცვის სამინისტრო

12 დეკემბერი 2019, 12:52 1773 ნახვა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია  დასრულდა.

ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. სწრაფი რეაგირების ქართულმა ქვედანაყოფმა ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მე-12 ბატალიონის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების დროული მისვლით და ბლოკირებით, მოწინააღმდეგემ თავისი მიზნის შესრულება ვერ განახორციელა. კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 9, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ამ ეტაპისთვის სამხედრო ბაზაზე მდგომარეობა სრულად კონტროლირებადია.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი