შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორში იმ გარდაცვლილი ქალის საკითხზე ისაუბრა, რომელსაც მოსაბრუნის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო თბილისში ჩამოსვლის საშუალება არ მიეცა. „დიახ, მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია და ეს ტრაგედია, საუბედუროდ, ერთადერთი არ არის“-ამბობს სახელმწიფო მინისტრი.მისივე თქმით გარდაცვლილი ქალი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია.
მთავრობაში ამბობენ, რომ ამ შემთხვევის თაობაზე ინფორმირებულია ყველა პარტნიორი, ასევე ჟენევის ყველა თანათავმჯდომარე და წითელი ჯვარი.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა აქტორი ჩართულია, რათა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი გაიხსნას“ - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი. შეგახსენებთ, ახალგორის რაიონის, სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ 28 ოქტომბერს გზაში გარდაიცვალა.
პაციენტი ცხინვალის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანეს. დღეს ახალგორის რაიონის იზოლაციის 55-ე დღეა.