ბათუმში ტურისტები მეკითხებიან რა სუნიაო? რა ვუთხრა?! - აუტანელი სუნი ქალაქში

27 აგვისტო 2019, 10:20 3752 ნახვა

ბოლო ორი წელია, ტურისტული სეზონის დროს ბათუმში მძაფრი, უსიამოვნო და სპეციფიკური სუნია. სუნით შექმნილ დისკომფორტზე ქალაქის სხვადასხვა უბანში მცხოვრებლები საუბრობენ. 

''სულ ყველგან სუნია. ცხვირზე ხელი თუ არ მოიჭირე ვერ გაივლი'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

ამ ეტაპზე ბათუმში რამდენიმე ლოკაციაზე საკანალიზაციო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ღია არხებიდან წამოსული სუნი აწუხებთ ირგვლივ მცხოვრებლებს. გვიყვებიან, რომ სუნის გამო, თითქმის მთელი დღის განმავლობაში ფანჯრები დახურული აქვთ, მერიას სამუშაოების დროულად დასრულებისკენ მოუწოდებენ. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პროექტი ნოემბერში დასრულდება. 

პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლებს. აჭარის მაუწყებელს აქ უთხრეს, რომ სპეციფიკური სუნის გამო ტურისტები სასტუმროებს ტოვებენ და სხვაგან გადადიან. 

''დამსვენებლები მეკითხებიან რა სუნიაო, რა ვუთხრა''? - ამბობს ზურაბ კახიძე, რომელსაც საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს ადლიის სანაპიროსთან. 

აეროპორტის გზატკეცილსა და ახალი ბულვარის მიმდებარედ მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ სუნი საკანალიზაციო სისტემის სატუმბი ნაგებობიდან მოდის. 

''ხუთი ცისტერნა დგას ღია მდგომარეობაში, წესით დახურული უნდ ყოფილიყო. ფეკალიები ჩაედინება, ამ პრობლემას ყურადღება უნდა მიაქციონ. ტურისტები მოდიან და მალევე ტოვებენ სასტუმროს. ცუდი სუნია, ეს აუტანელია'' - გვეუბნება სასტუმროს მფლობელი.

სატუმბი ნაგებობა ''ბათუმის წყლის'' საკუთრებაა. კომპანიაში ადასტურებენ, რომ ახალი ბულვარის მიმდებარედ კანალიზაციის მძაფრი სუნი ნამდვილად უკავშირდება გამწმენდ ნაგებობას. მათი თქმით, ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გამო, არსებული სატუმბი სადგურები საკმარისი არ არის. პრობლემის მოგვარებას კი რამდენიმე თვეში ვარაუდობენ. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი სატუმბი სადგურების დასამატებლად, ''ბათუმის წყალი'' უცხოელ პარტნიორებთან მუშაობს.

რაც შეეხება მოუწესრიგებელ საკანალიზაციო ჭებს. კომპანიაში გვითხრეს, რომ ლოკალური პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე თავად უნდა დარეკონ. 

რა ზეგავლენას ახდენს ჰაერში მავნე აირების გაფრქვევა ამას არავინ იკვლევს. ჰაერის შემადგენლობა გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურმა მოქალაქეების განცხადების საფუძველზე უნდა შეისწავლოს, თუმცა უწყებაში შეტყობინება არ შესულა. 

 

 

 

 

 

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი