ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ელგუჯა ბაგრატიონს აღმკვეთ ღონისძიებად 4000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ციცინო როხვაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ასევე ეკრძალება შპს "ურეკი რეზიდენსის" სათვალთვალო კამერებთან 20 მეტრის რადიუსში მიახლოება. ამავდროულად ელგუჯა ბაგრატიონი კვირაში ერთხელ პოლიციის შენობაშიც უნდა გამოცხადდეს.
დეპუტატი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს და ამბობს, რომ ამ გზით ხელისუფლება ცდილობს მას აქციებზე სიარული აუკრძალოს.
პროკურორი ამბობს, რომ დეპუტატს აქციებზე დასწრება არ ეკრძალება. საპირისპიროს აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონის ადვოკატი, მირდატ ქამადაძის განმარტებით, შენობის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოს მიერ დადგენილი დისტანცია არ დაარღვია და 20 მეტრის რადიუსში ტერიტორიას ვერ მიუახლოვდა, გამოდის, რომ ვერ აქციაზე დასწრებას მოახერხებს.
ბრალდების მხარე ელგუჯა ბაგრატიონისთვის 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
ელგუჯა ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე სავარაუდოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ოპოზიციონერ დეპუტატს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით ედავებოდა, რომელიც სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
ელგუჯა ბაგრატიონი აქციების ''გააღვიძე ოლიგარქი'' ერთ-ერთი მონაწილე იყო.