უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესი

28 ივლისი 2019, 20:00 1375 ნახვა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოში, ამ დროისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სხვადასხვა წრეში, დაპირისპირების საგნად ქცეული პროცესი მიმდინარეობს. საბჭომ უვადო მოსამართლეობის 50 მსურველიდან 20 კანდიდატი უნდა შეარჩიოს, საბოლოოდ კი, პროცედურების მიხედვით, დასამტკიცებლად, სია პარლამენტს გადაუგზავნოს.  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  50 კანდიდატის სია, იმ 137  ადამიანს შორის შეარჩია და დაამტკიცა, ვინც უვადო მოსამართლეობის სურვილი დააფიქსირა. მათ შორის კი, ბევრ ისეთ სახელ და გვარს აღმოაჩენთ, რომლებიც ამ დრომდე იკავებენ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებს და მათ მიმართ არაერთ საქმესთან მიმართებით, კრიტიკულ მოსაზრებებსაც მოისმენთ.

სწორედ მათთან აქვს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს ყველაზე მეტი კითხვა და ეჭვი-ერევა თუ არა კონკურსის მიმდინარეობაში ხელისუფლება, სასურველი კანდიდატების გასაყვანად. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად  კონკურსი ხელახლა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იანვრის თვეში სხვა მოსამართლეებთან ერთად, მიხეილ ჩინჩალაძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.  აღნიშნულს წინ უძღოდა საზოგადოების ნაწილის, მათ შორის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის  პროტესტი.

ისინი “კლანის”  წევრებად მოიხსენიებდნენ  და სიაში შეყვანილ მოსამართლეებს და ნდობის ხარისხსს ეჭვქვეშ აყენებდნენ. ამის მიუხედავად, წინა კონკურსს გამოთიშული მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა,  ამჟამინდელ კონკურსშიც მონაწილეობს.  საზოგადოებისა და პარლამენტში გამოთქმული პროტესტის შემდეგ, მათ შორის უმრავლესობის წევრების მხრიდან,  მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კანონპროექტი მუშავდებოდა. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ვარიანტი 1 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა, ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის მიერ მომზადებული ცვლილებები კი პირველი მოსმენით ჩააგდო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი