რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები უმეცრები და ქვეყნის მტრებია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 14:56 1759 ნახვა

ის ადამიანები, რომლებიც რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მომხრეა - უცოდინარები, უმეცრები და  ჩვენი ქვეყნის მტრები არიან-ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე კომენტარებისას განაცხადა. 

„ისინი ვინც ამბობენ,  რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი ესენი არიან უცოდინარები, უმეცრები.  რუსული ბაზარი უნდა ჩავანაცვლოთ ევროპული ბაზრით. ეს  არ არის იოლი არავისთვის, ევროპელებისთვისაც კი, მითუმეტეს არ არის ჩვენთვის. პროდუქციის შეტანას და მომხმარებლის ყურადღების მიქცევას სჭირდება წლები. იმის მსურველები ვინც ამბობს, რომ რუსული ბაზარი უნდა  დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს ქვეყნის მტერია.“

ივანიშვილის განმარტებით, პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომები უნდა გამოსწორდეს, სახალხო დიპლომატია აღდგეს, იმიტომ რომ რუსი ტურისტი შემოდის საქართველოში და მათთან სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს.

„ის რომ სწორედ რუსი ტურისტი შემოდის საქართველოში და სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს მათთან,  ეს არის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ საქართველომ მოახერხოს სახალხო დიპლომატიის აღდგენა და პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, ტერიტორიული მთლიანობაც აღვადგინოთ  და ნორმალური ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოსთან“.

საკითხზე საუბრისას, ბიძინა ივანიშვილმა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში ნაციონალური მოძრაობის მთავრობა  კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„რომ არა ამათი დაუდევრობა, ამათი ღალატი რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელს“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ნაციონალურ მოძრაობას დღესაც სურს საქართველოში  რუსი ტურისტის ნაცვლად, რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, რუსეთის ხელისუფლების მორიგი გზავნილის, კერძოდ კი სერგეი ლავროვის განცხადების პირდაპირ შეფასებას თავი აარიდა და ძირითადი დრო რუსთავი 2-ის წამყავნის და დირექტორის ლანძღვას დაუთმო. ივანიშვილმა დაგმო ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას გამოსვლები.

„ის რაც მოხდა რუსთავი 2- ზე ეს არის სირცხვილი, ქვეყნის სირცხვილი, სირცხვილი ჩვენი კულტურის. ის ლანძღვა რაც მოვისმინეთ ტელევიზიიდან ეს იყო სირცხვილი ჩვენი  ქართველობის და იდენტობის. მე რა თქმა უნდა ვგმობ გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს, ეს დასაგმობია ყველა ქართველისგან“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ რუსულ გამომცემლობასთან ინტერვიუს დროს იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება  ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ „არსებულ საფრთხეებს“ აღკვეთს. მისივე თქმით, თუ ეს ყველაფერი მოხდება, რუსეთის მიერ მიღებული ზომების გადახედვისთვის საჭირო პირობები შეიქნება, მათ შორის, ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ აკრძალვაზე.

ლავროვმა იმედი გამოთქვა იმის თაობაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავში იპოვის იმის ძალას,  რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში