აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით თუ საარჩევნო ცვლილებები დაიგეგემება აჭარაში, კონსულტაციებს ცენტრშიც გაივლიან და გადაწყვეტილებას ადგილზე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მიიღებენ.
დავით გაბაიძის თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება, მმართველი გუნდის დეპუტატები ღია დისკუსიისთვის მზად არიან.
დავით გაბაიძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის მექანიკური გადმოტანა შესაძლებელია, აჭარის სპეციფიკაზე მორგებული არ იყოს.
''საარჩევნო სისტემა ჩვენ დისკუსიას დახურულად არ ვაცხადებთ და ამ საკითხს მზად ვიყავით ნებისმიერ დროს დავბრუნებოდით. ბუნებრივია სუბიექტების ნაწილს გაუჩნდა მოსაზრება, ხო არ უნდა გაგვეხორციელებინა იგივე ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში და საარჩევნო სისტემაში. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან განვაცხადე, რომ უმაღლესი საბჭო ამაზე იმსჯელებდა და მოლაპარაკებებს გავმართავდით პოლიტიკურ სუბიექტებთან. მე ღია ვარ მოლაპარაკებებისთვის, მზად ვარ ეს შეხვედრა იყოს უმაღლეს საბჭოში მათ მიერ მითითებულ ადგილას და ვისაუბროთ ახალ საარჩევნო სისტემაზე.
საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემის მექანიკური გადმოტანა შესაძლებელია არ იყოს მორგებული აჭარის სპეციფიკაზე, თუმცა ჩამოყალიბებული აზრი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, რადგან ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ. მაშინ, როცა აჭარის კონსტიტუციაზე ვმსჯელობდით, უმაღლეს საბჭოს უმრავლესობაშიც დაფიქსირდა განსხვავებული აზრი არსებულ სისტემასთან დაკავშირებით. მაშინაც მაჟორიტარები აფიქსირებდნენ პოზიციას, ხომ არ ჯობდა უმაღლესი საბჭო გადასულიყო პროპორციულ სისტემაზე?
მეორე საკითხი - რა მოდელი უნდა იყოს ჩვენთან, თუ იქნება პროპორციული სისტემით რა ტიპის ბარიერი უნდა დაწესდეს. დარჩეს თუ არა 5 % ბარიერი, რაც ახლა არსებობს და უნდა გაკეთდეს ბუნებრივი ბარიერი, რაც საპარლამენტოზე დაანონსდა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ სისტემის შეცვლის შემთხვევაში, როგორ განაწილდება ბონუსები, დარჩენილი ხმები, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდება უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად. ბუნებრივია ასეთი რიცხვი ბევრი იქნება, რომელიც ხმებს ვერ მიიღებენ.
და მესამე საკითხი, რომელიც ძალიან აქტუალურია. უნდა დავტოვოთ თუ არა 0%, რომელიც ფაქტიურად 1%-იც არ არის. ეს არის დეტალები, რომლებზეც ჯერ უნდა ვიმსჯელოთ უმაღლეს საბჭოში და შემდეგ გავიაროთ კონსულტაციები. წინასწარი განწყობა ან დამოკიდებულებები ამ წუთში გუნდში არ გვაქვს'' - უთხრა მაუწყებელს დავით გაბაიძემ.
რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დღეს განცხადება გაავრცელა, ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის მსგავსად, აჭარის უმაღლესი საბჭოს შემდეგი მოწვევის დეპუტატები, პროპორციული სისტემით უნდა მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში.
[განახლება 2:46 - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ფრაზში დაშვებული იყო უზუსტობა და იგი გასწორდა].