ბათუმის ტბას მერია მკურნალობს, თუმცა არ იცის რა სჭირს 

11 ივნისი 2019, 12:37 3861 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში, „ნურის ტბას“  პრობლემები 2016 წლის გაზაფხულზე დაეწყო.   2018 წლიდან კი ტბა დაჭაობდა, წყლის ზედაპირზე მძაფრი სუნის ნადები გაჩნდა, პარალელურად მასობრივად დაიწყო თევზების დახოცვა.  

ბათუმის უმნიშვნელოვანეს რეკრეაციულ ზონაში, მოქალაქეებს ტბა, რამდენჯერმე მკვდარი თევზებით გადათეთრებული დახვდათ

ტბაზე დაკვირვება 2017 წელსაც მიმდინარეობდა, თუმცა თევზების დახოცვის ფაქტების დაფიქსირების შემდეგ, გარემოს დაცვის სააგენტომ ტბის ბიოლოგიური  გამოკვლევა დაიწყო. დაადგინა, რომ ტბას ჟანგბადის ნაკლებობა ჰქონდა, რადგან წყალში ისეთი ტიპის მცენარეების რაოდენობა გაიზარდა, რომლებიც ჟანგბადს შთანთქავდნენ

მერიამ რამდენიმე ათასი ლარი დახარჯა და სპეციალური აირაციის სისტემა შეიძინა. დამონტაჟებული სისტემა ტბას ჟანგბადით კვებავს. აკრძალა თევზაობაც, შედეგად სიტუაცია ცოტა ხნით გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემა საბოლოოდ ვერ გადაიჭრა

2018 წელს, ტბის მოვლა-პატრონობა მერიამ სსიპ-ს "ბათუმის წყალს" გადასცა. უკანასკნელს კვლევების ჩატარება და ბათუმში ორი ტბის არდაგანისა და ნურის პატრონობა დაავალა. "ბათუმის წყალმა" ნურის ტბაზე წყლის საქაჩი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის მეშვეობითაც ზამთარში ტბიდან, რამდენიმე თვის განმავლობაში, წყალს ტუმბავდა. 

2019 წლის გაზაფხულზე, ნურის ტბაში სხვა პრობლემებთან ერთად, წყლის დონემ კრიტიკულად დაიწია. ბათუმელებმა აქტიურად დაიწყეს ამ საკითხის განხილვა. ამ დრომდე, ნავმისადგომებთან პრაქტიკულად წყალი დამშრალია, ტბაში კი პერიოდულად ჩნდება ნადები და მძრაფრი სუნი.

რამ გამოიწვია წყლის დონის დაკლება ტბაში და რა ჭირს ნურის ტბას?  კითხვაზე პასუხი უცნობია, "ბათუმის წყალში" შეკითხვებს არ პასუხობენ, მერიაში კი ამბობენ, რომ დიაგნოზის დასადგენად, დამატებითი კვლევები უწყებას არ ჩაუტარებია.    

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ უცნობია რა სჭირს ტბებს, ის დარწმუნებულია, რომ "ტბას კარგად უვლიან". 

"ტბების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს მას შემდეგ, რაც ისინი  "ბათუმის წყალს" გადაეცა.  ტბებზე რეგულარულად მიმდინარეობს  გაწმენდითი, ამოტუმბვითი  სამუშაოები. რეგულარულად ხდება მოწვევა და საქმეში ჩართვა გარემოს დაცვის თანამშრომლების, რომლებიც აწარმოებენ მონიტორინგს ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება რა იწვევს დაბინძურებას, აქ უკვე სპეციალისტების დასკვნა არის საჭირო... ცენტრალური პარკის ტბა ცოცხალია და აქ სულ სხვა მიდგომები, სულ სხვა ჩართულობაა საჭირო.  ბათუმის წყლისა და გარემოს დაცვის თანამშრომლების ჩართვა ამ საკითხებში რეგულარულად ხდება, საკითხი მონიტორინგის ქვეშაა, თუმცა რა იწვევს ტბის ამ მდგომარეობას,  კონკრეტული მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.  

პრობლემები აქვს ბათუმის კიდევ ერთ ტბას, სადაც მოცეკვავე შადრევნები და რესტორნებია განთავსებული. იგი 2017 წლიდან სისტემატიურად ბინძურდება. ეტაპობრივად შრება ან ბეტონდება.  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის არქივში ინახება მასალა, როცა ტბა ნახევრად ჩაბეტონდა. ხელოვნურ წყალსაცავში ხშირად ხვდება მშენებლობიდან ნარეცხი წყალი, ნავთობის ან ცხიმის მსგავსი სითხე. პერიოდულად იკეთებს ნადებს. 

2018 წლის შემდეგ, რაც ტბა " ბათუმის წყლის" დაქვემდებარებაში გადავიდა, ტბის სისტემატიურად დაბინძურების პრობლემის გადაჭრას, უწყება ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოებით ცდილობს. ამის მიუხედავად, ქალაქის ხელისუფლება ბევრჯერ გახდა კრიტიკის ობიექტი სწორედ ამ ტბის დაბინძურების გამო. მოცეკვავე შადრევნების ტერიტორიას,  ხშირად სტუმრობენ ქალაქში ჩამოსული ტურისტები და მაღალი რანგის სტუმრებიც, მათ შორის იყო შვედეთის ელჩი, რომლის ობიექტივში დაბინძურებული ტბა მოხვდა და ტვიტერშიც აიტვირთა.  

“მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი”, – დაწერა ელჩმა. 

ელჩის მიერ გადაღებული ფოტოს ამბავი, ერთადერთი გაცხადებული შემთხვევა იყო, როცა ითქვა რომ ტბაში ჩაიღვარა სითხე და ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. მანამდე მსგავს შემთხვევებზე, არავინ  დაჯარიმებულა - ყოველ შემთხვევაში, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს  "ბათუმის წყალში". იყო თუ არა სხვა ფაქტებზე მოკვლევა დაწყებული, ან დაჯარიმდა თუ არა ვინმე, ამის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან.  

სსიპ "ბათუმის წყალის"  100%-იანი  წილის მფლობელი ბათუმის მერიაა, რომელსაც მოსავლელად ორი რეკრეაციული და ტურისტული ობიექტი გადაეცა. უწყება უარს ამბობს, რაიმე ტიპის ინფორმაცია გასცეს ფინანსურ ხარჯებზე, რომელიც ტბების მოვლა პატრონობისთვის იხარჯება, არც სპეციალისტების მოწვევის შესახებ გვეუბნებიან რამეს.  

ინფორმაციის გაცემისთვის გვთხოვეს წერილობით მიგვემართა. უწყებაში, 26 აპრილს გაგზავნილი 7 კითხვიანი წერილის პასუხად, 20 დღის შემდეგ  გვითხრეს, რომ "ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ აქვთ". 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობდა დაეზუსტებინა -  რა სჭირს ტბას? რომელი სპეციალისტების რეკომენდაციებით სარგებლობენ ტბის მოვლის პროცესში? ჩაუტარდა თუ არა დამატებითი ლაბორატორიული კვლევები? არდაგანის ტბის დაბინძურების ფაქტზე თუ დაუჯარიმეს ვინმე? რამდენ შემთხვევაში დაიწყო მოკვლევა და ა.შ. 

ტბები ბათუმელებისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტებია, მის მდგომარეობასთან დაკავშირებით დიდი საზოგადოებრივი ინტერესია. ვინაიდან, პასუხების გაცემის ვალდებულება და მზაობა "ბათუმის წყალს" არ აღმოაჩნდა, ბათუმის მერიას მივმართეთ, რომელიც საზოგადოების წინაშე კანონმდებლობითაა ანგარიშვალდებული. 

მერიაში დოკუმენტები მოვითხოვეთ, რომელსაც "ბათუმის წყალი" წარადგენს დამფუძნებელთან. საბოლოოდ, კითხვებზე პასუხები მაინც ვერ მივიღეთ და ისევ "ბათუმის წყალთან" გადაგვამისამართეს.  

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი