არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და ყოფილ პატიმრებს ტატუს უფასოდ მოაცილებენ 

13 მაისი 2019, 15:17 2468 ნახვა

იუსტიციის მინისტრის თქმით, ყოფილი პატიმრები, ან მსჯავრდებულები, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, ტატუს უფასოდ მოცილებას შეძლებენ. უწყებამ ამისთვის 48 000 ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით არასასურველ ტატუს სულ 60 პატიმარს წაუშლიან.

''პატიმრებს საშუალება ეძლევათ მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას. რეაბილიტაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ყოფილ პატიმრებს სხეულზე გაკეთებული ნახატები სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, საზოგადოებასთან ინტეგრაციაში ხელს უშლის.

ტატუს წაშლის პროექტი 2013 წლიდან საგრანტო პროგრამის საშუალებით ხორციელდება. 6 წლის განმავლობაში 123-მა ყოფილმა პატიმარმა (65 არასრულწლოვანი, 58 სრულწლოვანი) ისარგებლა.

წლევანდელი საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, ბიუჯეტი კი 48 548 ლარს შეადგენს.

იუსტიციის მინისტრმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ საგრანტო ხელშეკრულება დღეს გააფორმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი