შუახევში სოფელ დარჩიძეებში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით, დამწვარი ტერიტორიის დამუშავება მიმდინარეობს. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები და დარჩიძეების მოსახლეობა რჩებიან.
ხანძარი სოფელ დარჩიძეებში გუშინ დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ცეცხლის ოთხი კერა ფიქსირდებოდა. ხანძარმა ბუჩქნარი და წიწვოვანი ნაძვები გაანადგურა. ცეცხლის კერები დასახლებული პუნქტიდან 7 კილომეტრზე იყო. რთული რელიეფის გამო მეხანძრე მაშველები და ტყის მცველები ფეხით გადაადგილდებოდნენ, მათი ტექნიკა დარჩიძეების სოფელში იყო მობილიზებული.