ბათუმის ბულვარში, ველობილიკის მიღმა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისთვის ჯარიმები შემოდის. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება, ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია 06:00-დან 09:00 საათამდე.
ბულვარის ადმინისტრაცია მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს ქვეითად მოსიარულეებსაც, რადგან, არსებული წესებით, ველობილიკზე ქვეითთა მოსიარულეთათვის მოძრაობა აკრძალულია.
არსებულ შეზღუდვებს ბათუმის ბულვარის მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ბულვარში ველობილიკის მიღმა მოძრაობის წესების დარღვევისათვის 7 პირია დაჯარიმებული.