ბათუმში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის, პირი 20-დან 5000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება. ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, საჯარიმო სანქცია იმ პირებზეც გავრცელდება, რომლებიც ველოსიპედით ველობილიკის მიღმა იმოძრავებენ, ასევე, არ დაასუფთავებენ შინაური ცხოველების მიერ დაბინძურებულ ტერიტორიას.
ძაღლის საბელის გარეშე გასეირნება მეპატრონეს 20 ლარი დაუჯდება, 2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება, 2 კილოგრამზე მეტი ნარჩენის დაყრაზე კი სანქცია 100 ლარის ოდენობითაა განსაზღვრული. ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად, 9-დან 24 საათამდე განხორციელდება”, - აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.