ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღის პედაგოგმა ნათია ცინცაძემ ბათუმის ბაღების გაერთიანებას სასამართლო დავა მოუგო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნათია ცინცაძე სამსახურში აღდგენილია, გარდა ამისა, პედაგოგს 6 000 ლარამდე ოდენობის ნაცდური ხელფასიც უნდა აუნაზრაურდეს. „იმის გამო გამათავისუფლეს, რომ ბავშვზე მოძალადე ძიძა გადავიღე ტელეფონით, რისი დამალვაც მე-6 ბაღის გამგის მოვალეობის შემსრულებელმა გურანდა გობაძემ მთხოვა, მე მას არ დავუჯერე და მოძალადე ძიძის გათავისუფლება მოვითხოვე. ამაზე ვერ მომედავებოდნენ და დამაბრალეს აღმზრდელობითი პროცესის ჩაშლა, რაც ვერ დაამტკიცეს სასამართლოზე“, - განაცხადა ნათია ცინცაძემ.
ნათია ცინცაძის თქმით, გურანდა გობაძე საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის რძალია და იმის გამო, რომ მისი აღდგენის შემდეგ გობაძეს დისკომფორტი არ შეჰქმნოდა, სამუშაოდ სხვა საბავშვო ბაღში გადაიყვანეს.
ნათია ცინცაძე სამსახურიდან 2015 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.