“შესაძლებელია, დადგა დრო, ჩავუღრმავდეთ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების ნაცვლად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა”, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც დღეს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.
გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებას შეუძლია თვალი ადევნოს ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც არა უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობები, არამედ ქვეყანა იღებს ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე.
„პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებულია მთლიანად ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, ვიდრე კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტოს წერის პროცესშიც მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.