ბათუმში, აქციის დროს დაკავებული 7 ადამიანის მიმართ, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვამდე, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ამის შესახებ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ერთერთი დაკავებულის ადვოკატი საუბრობს. ზაზა პაპიძის ინფორმაციით, შვიდივე მათგანი დაკითხულია. 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 2 მუხლით აღძრა. გამოძიება 225–ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ასევე, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელ ციალა ქათამიძის თქმით, საგამოძიებო უწყებაში, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მას უთხრეს, რომ ყველა პირი და თვითმხილველი დაიკითხება.