მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში

04 სექტემბერი 2016, 20:00 1035 ნახვა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხელვაჩაურში. მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადგილას, მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ კვარიათში ბეჟან მემიშიშის საცხოვრებელ სახლი დაიმეწყრა. წუხელ, ძლიერი წვიმის შემდეგ, სოფლის მდინარემ კალაპოტი იცვალა და წყალი პირდაპირ მისეზოში შევარდა, თან ჩამოშლილი მიწის მასა ჩაიტანა. სახლში ოჯახის ათი წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ. სოფელში კერძო სექტორიც დაზარალდა. სეზონური კაფე-ბარის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა, რამაც ინფრასტრუქურა და ინვენტარი დააზინა. მეპატრონეების განცხადებით, ზარალი დიდია. მათ ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახალსოფელშიც. სოფლის ცენტრში საავტომობილო გზა დაიტბორა. ადგილობრივების განცხადებით, იმის გამო რომ გასაწმენდია მდინარე, წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა. საცხოვრებელი სახლი და ეზოები დაიტბორა გონიოშიც. მოსახლეობა აქაც პრობლემად მოუწესრიგებელ არხებს ასახელებს. ამბობენ, რომ წყალმა საყოფაცხოვრებო ნივთებიც დააზიანა.

წყლის ამოტუმბვა გუშინვე დაიწყო. ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძე დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მისი განცხადებით, სანიაღვრე არხები, პრევენციის მიზნით, იწმინდება, სამუშაოები გრძელდება, პრობლემას კი საგზაო დეპარტამენტი სწავლობს. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ზარალის ოდენობას ადგილობრივი გამგეობა დაადგენს.

 
 

ამავე კატეგორიაში