2016-2018 წლებში არჩევნების მხარდასაჭერად, ევროპის საბჭო ახალ პროგრამას ახორციელებს

11 ივლისი 2016, 20:00 1104 ნახვა

2016-2018 წლებში არჩევნების მხარდასაჭერად, ევროპის საბჭო ახალ პროგრამას ახორციელებს. ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია და ის საარჩევნო ადმინისტრაციის აღმასრულებელი, ფუნქციური და მენეჯერული შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. 
პროგრამის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პირველად მიიღებს მიზნობრივ გრანტს 40 000 ევროს ოდენობით, რომელიც პროექტის ”საარჩევნო განვითარების სკოლა” განხორციელებას მოხმარდება. 
ევროსაბჭოს პროგრამა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობას და ადგილობრივი დამკვირვებლების მომზადებას ითვალისწინებს. პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ზრდა, ცნობიერების გაზრდა ეროვნულ უმცირესობებსა და ახალგაზრდებში, ასევე, მედიის პლურალიზმის ხელშეწყობა.
პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნეს.

ამავე კატეგორიაში