„მენეჯმენტის შეცვლა  აჩენს რისკებს  თავისუფალ  სიტყვაზე შეტევის თვალსაზრისით“-აჭარაში  მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები 

13 აპრილი 2019, 00:00 1306 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2 წევრის, ირაკლი დარცმელიძისა და გიგა ჩხარტიშვილის ინიციატივა ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, შეშფოთებას იწვევს აჭარის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში. „საბჭოს 2 წევრის რადიკალური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მოითხოვს მეტ დასაბუთებას, საზოგადოების მეტად ინფორმირებას და საჯარო განხილვას. არსებული მენეჯმენტის შეცვლა უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე აჩენს რისკებს ამ პროცესის შეჩერების, თავისუფალ სიტყვაზე შეტევის და სარედაქციო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ეს კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა, გარდამტეხი ფაქტორი გახდეს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების თვალსაზრისით.“

რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მრჩეველთა საბჭოს, რადიკალური ნაბიჯების გადადგმამდე სრულად გაანალიზოს მათ წინაშე არსებული გამოწვევები, მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება საზოგადოების ფართო წრეებთან დისკუსიის, მოსაზრებათა შეჯერებისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აჭარის ტელევიზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და მმართველობის მონიტორინგის თვალსაზრისით, რაც ცალსახად შეუქცევადი პროცესი უნდა გახდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი