ჯანდაცვის მინისტრი 29 წლის ქალის გა​რდაცვალებაზე - ''აქ არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი''

26 მარტი 2019, 00:00 12383 ნახვა

მედიკოსების სოლიდარობის აქციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი  გამოეხმაურა. ზაალ მიქელაძე უერთდება სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ იმ მედიკოსებს, რომლებიც მედიასაშუალებებში კონკრეტული ექიმის დადანაშაულებას აპროტესტებდნენ. მინისტრი ამბობს, რომ შესაბამისი უწყებების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე უაპელაციოდ ვინმეს დადანაშაულება არასწორია. 

"ვიდრე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, სამართალდამცველების მხრიდან ან ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მხრიდან, საინფორმაციო საშუალებების მიერ კონკრეტული ადამიანების დასახელება და დადანაშაულება არასწორია. მეც ასე ვფიქრობ და ვუერთდები მედიკოსების აქციას. 

ამიტომ, ჩემს ინტერვიუებში არაერთხელ ვთქვი, რომ 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, აქ არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, მედიაში არასწორად გაჟღერდა, რომ ის იყო {გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ავტ.} მკურნალი ექიმი. რეალურად ის არ ყოფილა მკურნალი ექიმი, არამედ  იყო რადიოლოგი, ანუ ექოსკოპისტი და მისი წვლილი არის ერთ-ერთი დანარჩენ რგოლში" - აცხადებს მინისტრი.

ზაალ მიქელაძეს თქმით, რომ შესაბამისი უწყებები დეტალურად შეისწავლიან ამ საქმეს, გარდაცვლილი ქალის საავადმყოფოში შესვლიდან,  პირველი კონსულტაციიდან ლეტალურ შედეგის დადგომამდე მკურნალობის ისტორიას. გადაწყვეტილებას კი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საბჭო არსებული დოკუმენტების საფუძველზე მიიღებს. 

"მხოლოდ საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ შეგვიძლია დავსხდეთ და ვიმსჯელოთ დამნაშავეზე. ასე უაპელაციოდ, პირველივე დღეს, არ შეიძლება მედიამ ან ვინმემ დაასახელოს კონკრეტული დამნაშავე", - განაცხადა მინისტრმა. 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში