„ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა. გიორგი ქადაგიძე სასამართლოში “თიბისი ბანკის” საქმეზე გამოკითხეს.
საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რასაც ბანკის დამფუძნებლებს ედავებიან. ქადაგიძის თქმით, 2008 წლის 2 სექტემბერს, ოკუპაციიდან სამი კვირის შემდეგ, მათი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. იგი ამბობს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს ეროვნული ბანკისა და საფინანსო რეგულირების სააგენტოს მიერ მისი ხელმძღვანელობის დროს განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე და გამორიცხავს, რომ ზედამხედველებს რაიმე გამორჩენოდათ, ან არ გაეტარებინათ სათანადო საზედამხედველო ზომები. იგი ყურადღებას ამახვილებს საქმის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. კომენტარი გააკეთა პროკურორმაც.
არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა. პროკურორის თქმით მან განაცხადა, რომ არც „თიბისი ბანკის“ შემოწმების პროცესი ახსოვს და არც შედეგები. ტყეშელაშვილი ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკის ყოფილმა უფროსმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა.