საქართველო ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს არ შეეგუება - სალომე ზურაბიშვილი

06 მარტი 2019, 00:00 1564 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია. მისივე განმარტებით, პარტნიორებთან პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე საუბრობს.

„არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს.  ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. 

''სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამყარებისთვის მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს. ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული მუქარის საფუძვლად და გათვალისწინებულ შედეგს, ჩვენს დაშინებასა და გეზის შეცვლას ვერ გამოიღებს. ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზეწოლის, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების  გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე'' –  თქვა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით პირველად გამოდის. 

სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

სიუჟეტი ⤵



 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი