რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ხუთივე პირი პატიმრობაში დატოვეს

05 მარტი 2019, 00:00 3130 ნახვა

ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარი ინციდენტის მონაწილე ხუთივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლოში სხდომა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავდა.

პროკურატურა მოითხოვდა ბრალდებულები პატიმრობაში დარჩენილიყვნენ. სხდომაზე თავდაპირველად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დაკავებულ პირის გ.ტ-ს საკითხი განიხილეს. მოსამართლემ ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს.

სხდომაზე საქმის პროკურორმა განმარტა, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლისა და პირის მიმალვის საფრთხე. ამიტომ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად პატიმრობის შეფარდება აუცილებელი იყო.

ასევე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეკუთვნოდა თუ არა ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.

გ.ტ-ს ადვოკატი აცხადებდა, რომ იარაღი მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნის. უფლებადამცველს ასევე პრეტენზიები აქვს უბნის გამომძიებელ ინსპექტორთანაც. მისი ინფორმაციით სამართალდამცველმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარა.

დაცვის მხარემ 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 2 მარტს მოხდა. ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება ჰქონდა. მეორე დღეს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი