ვინ დაადანაშაულა თორნიკე რიჟვაძემ კორუფციასა და ნეპოტიზმში - მოქალაქეები განმარტებებს ითხოვენ

22 თებერვალი 2019, 00:00 2762 ნახვა

მოქალაქეები, რომლებიც ძველი ქალაქის დაცვის კამპანიაში არიან ჩართულები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესგან განმარტებებს გუშინდელი  განცხადებების შემდეგ ელიან.

გუშინ მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ძველი ბათუმის დამცველებს შორის არიან თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, რომლებიც კორუფციასა და ნეპოტიზმში არიან ჩართულები და ეს სფერო ნარკობიზნესივით ჰქონდათ გადაქცეული. 

რას ფიქრობენ სამოქალაქო აქტივისტები: ​''საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ გვითხრეს არ გვაინტერესებს თქვენი აზრიო, ახლა უკვე ბრალდებაზე გადმოვიდნენ.  გეუბნებით, ეს არის ამათი  კლასიკური  მართვის სტილი, მიმართული იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში ქუჩაში გამოვიდეთ და მოვითხოვოთ ადამიანის გადადგომა. ანუ ცუდ გზამდე მივიდეთ. ეს არ არის ჩვენი არჩევანი და ნუ მიგვიყვანენ აქამდე, ძალიან ვთხოვ ყველას'' - ამბობს ჟურნალისტი ირმა ზოიძე. 

​''თავმჯდომარის განცხადებები ყველამ საკუთარ თავზე მივიღეთ, ვინც აქციაზე ვიყავით შეკრებილები. თუ პირველი განცხადება მივიღეთ როგორც შეურაცხყოფა, მეორე განცხადება იყო უკვე სერიოზული ბრალდება. მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს განმარტებები ამ ბრალდებასთან დაკავშირებით თუ რას გულისხმობს იგი ნარკობიზნესის უკან და დაასახელოს კონკრეტული ადამიანები. რაღაც სავაჭრო თემად ახსენა ეს სფერო, რას გულისხმობს უნდა განმარტოს'' - ფიქრობს პოლიტიკური სკოლის "NIMD"-ის აჭარის კოორდინატორი თამარ მამეიშვილი.  

''ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის ბედს წყვეტს, ეგ არის პრობლემა. ზოგადად უწყებას, ავტონომიას ამ ინსტიტუციას  ჩრდილს აყენებს და ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ აშკარად შეუფერებელი და არაადეკვატური ადამიანი წყვეტს ჩემი ქალაქის ბედს'' - ამბობს რეჟისორი შოთა გუჯაბიძე

''კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის'' წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე კი ფიქრობს, რომ მსგავსი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ პოლიტიკოსისთვის საზიანოა.

"ძალიან მარტივი პრინციპია დემოკრატიის, რომ საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები ადამიანებზე ასე არ უნდა საუბრობდნენ. თუ პოლიტიკოსი თვლის, რომ ხალხის აზრი არ აინტერესებს და გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, მიუხედავად მოქალაქეების მოსაზრებისა, ეს პირველ რიგში თავად პოლიტიკოსისთვის არის მავნებელი" - ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

პარალელურად ოპოზიცია ითხოვს, ძალოვანმა უწყებებმა დაკითხვაზე დაიბარონ აჭარის პირველი პირი და გახდეს ცნობილი ვისი მისამართით გაახმოვანა ნარკობიზნესთან დაკავშირებული ბრალდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი