შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით ზ.ლ. ჩანაწერი მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკაც ჩაატარა.
ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე, ბათუმის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, ზაალ ლატარიას გამოკითხვა გუშინ მიმდინარეობდა. უკრაინაში მებრძოლ ყოფილ სამხედროს მოწმის სტატუსით კითხავდნენ.
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ ზაალ ლატარიას შვილიც ჩაწერა. ლანა ლატარია ირწმუნებოდა, რომ ფარული ჩანაწერების საქმესთან მამას კავშირი არ ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავონ.
''ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული.