ბათუმის მერი და საზოგადოება ''ბათომი'' თბილისში ძველი ბათუმის დაცვის ზონის საკითხზე სასაუბროდ მიიწვიეს

12 თებერვალი 2019, 00:00 2437 ნახვა

უახლოეს დღეებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხზე ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს, საზოგადოება "ბათომს" და აჭარის კულტ.მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებს თბილისში, გაფართოებულ სხდომაზე იწვევს.

შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყანაში მომუშავე დარგის სპეციალისტები და ორგანიზაციებიც დაესწრებიან, უნდა განიხილონ ბათუმის მერის ლაშა კომახიძის მიერ, ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტიდან (ძველი ბათუმის) სანაპირო ზოლის ამოღების საკითხი, რომელსაც საფუძვლად არანაერი კვლევა არ ახლავს.

წლების განმავლობაში, ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარი დაიხარჯა ამ კვლევებში, რომელიც "გეოგრაფიკისა"  და შ.პ.ს. გის სპეციალისტებმა შეადგინეს და ბათუმის ისტორიული ზონა განსაზღვრეს. სწორედ ამ მრავალდისციპლინარულ ​დოკუმენტში შეიტანა ბათუმის მერმა ცვლილებები, რომელიც დაინტერესებული ჯგუფებისთვის უცნობი იყო და თბილისში  ისე გაიგზავნა. ისტორიული ზონის შეცვლის პროცესში ადმინისტრაციული წარმოების დარღვევისთვის ''ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ'' მერიას სასამართლოში უჩივლა. 

შეცვლილი დოკუმენტი არ დაამტკიცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ და მერიას დოკუმენტების სრულყოფა მოსთხოვა. ახლა კი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაფართოებული სხდომა ჩანიშნა.  

ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს:

"გაფართოებული საბჭოს ფორმატში განიხილავენ ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის შემუშავებულ დოკუმენტაციას, რომელიც მისივე დაკვეთის საფუძველზე შ.პ.ს. გის და დამცავი ზონების საკონსულტაციო ცენტრმა ”გეოგრაფიკმა” მოამზადა.

საკითხის კომპლექსურობისა და აქტუალობიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას, სააგენტო საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად, სფეროში მომუშავე ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან ერთობლივად გეგმავს.

შეკრებაზე წარმოდგენილნი იქნებიან – ორგანიზაცია ICOMOS საქართველო; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა და კვლევის ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და საკონსულტაციო ცენტრი”გეოგრაფიკი”. განსახილველი თემის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტოს ინიციატივით საბჭოს სხდომას დაესწრება არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლობაც" - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

უწყებაში ამბობენ, რომ შეხვედრის შედეგები მოკლე დროშივე გასაჯაროვდება.

საზოგადოება "ბათომმა" გუშინ საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს ღია წერილი მისწერეს და მას პროცესში ჩართვა მოსთხოვეს

ამავე თემაზე:

 საზოგადოება ''ბათომი''- ''ლაშა კომახიძემ გადაამეტა უფლებამოსილებას და დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა''

"ბათუმის ისტორიული ზონის შეცვლილი საზღვრები"

''ჩვენ გვჭირდება ცათამბჯენები'' - თორნიკე რიჟვაძე

ბათუმის მერი ფიქრობს, რომ საზოგადოებას ცათამბჯენების კომპლექსი აქვს

 

 

ფოტო: აჭარის მაუწყებლის აქრივი (photoshop) 

ამავე კატეგორიაში