ოცნებიდან რეალობამდე

09 თებერვალი 2019, 00:00 5643 ნახვა

ექვსწლიანი ისტორიის შემდეგ, ოცნების ქალაქში იმედი გაჩნდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიაზე უნებართვოდ ჩასახლებულებისთვის ახალი კორპუსები აშენდება. მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ გადაწყვეტილება ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით მიიღეს, თუმცა ამ გარემოში მოსახლეობა უკვე მერვე წელია ცხოვრობს. „ოცნების ქალაქი“ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ძალიან სწრაფი ტემპით გაჩნდა.

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ნაწილი, ეკომიგრანტები, მათ შორის წალკიდან უკუმიგრირებულები, ვეტერანები, მაღალმთიანი მუნილიპალიტეტებიდან მრავალწევრიანი ოჯახები ტერიტორიაზე ქოხებს თითქმის ყოველ ღამე აშენებდნენ. უნებართვოდ ჩასახლების პროცესი ხელისუფლებამ არ შეაჩერა. შედეგად, ოცნების ქალაქში 2000-მდე ოჯახი დასახლდა. წლების განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ სიცივეში, ტალახში, სიბნელეში. 2015 წელს „ოცნების ქალაქი“ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნიეკიმ მოინახულა. საქართველოდან წასვლის შემდეგ კი  ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც „ოცნების ქალაქელების“ გაუსაძლისი ყოფა იყო აღწერილი.  ევროკომისრის ვიზიტიდან მალევე დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო, ხოლო ოჯახების უმრავლესობას, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე იმყოფებოდნენ, სოციალურ სასადილოში კვების უფლება მისცეს. ამ დასახლებაში არსებული არაჰუმანური გარემო, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი ყოფა ყოველ წელს ხვდებოდა სახალხო დამცველის ანგარიშში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი