ფარული ჩანაწერების ეპოქა

02 თებერვალი 2019, 00:00 1494 ნახვა

ბრძოლა აქტიური და გადაწყვეტილების მიმღები ქალების წინააღმდეგ გრძელდება. თავდასხმა ამჯერადაც ფარული ჩანაწერებით განხორციელდა, იმ ჩანაწერებით, რომლებიც 2013 წლის 5 სექტემბერს საჯაროდ გაანადგურეს.  ე.წ „მოდულის“ შენობაში მაშინ  პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული მასალების შემცველი 144 ფაილი, კომპაქტდისკებზე ჩაწერილი 181 საათის ხანგრძლივობის მასალა, სპეციალური გამანადგურებელი აპარატის, "შრედერის" საშუალებით მოსპეს. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მასალები სავარაუდოდ, კოპირებული იყო და დიდი იყო იმის ალბათობა, რომ მისი ასლები წინამორბედი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ექნებოდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მოპოვებულია უკანონოდ 2007 წლიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით. ვის ხელთ იყო და ვისი დაკვეთით მოხდა ამჯერად უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გავრცელება, ამაზე გამოძიება მუშაობს. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ადამიანი დააკავა. დღეს 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა დახურულ რეჟიმში. ცხრიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7-ს კი - გირაო. პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება  4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი