საქართველოს საპატრიარქოსთვის მიტროპოლიტ ილარიონის განცხადება მუქარის შემცველია

02 თებერვალი 2019, 00:00 1307 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის საპასუხო განცხადებას ავრცელებს. როგორც ტექსტშია აღნიშნული, გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“ მიტროპოლიტ ილარიონის ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც მეუფე საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად. ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლად გამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო სტატუსის გადახედვა, მიტროპოლიტმა ილარიონმა არ გასცა პირდაპირი პასუხი და ნაცვლად ამისა, ბუნდოვნად ისაუბრა საქართველოს ეკლესიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე. მაშინ, როდესაც, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად, შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს.

ეკლესია ყოველთვის ცდილობდა პოზიცია არ განესაზღვრა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არამედ ეყრდნობოდა და ეყრდნობა საეკლესიო კანონიკასა და სახარებისეულ სწავლებას. ვხელმძღვანელობთ რა ამ პრინციპით, დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისთვის და დაძაბულობის განმუხტვისთვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდნენ მიტროპოლიტ ილარიონს და სთხოვეს განმარტება ინტერვიუსთან დაკავშირებით. „მეუფის განცხადებით, საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც, ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგება არაერთ ეკლესიას, მათ შორის, საქართველოსაც და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი