ბათუმში, სამედიცინო დაწესებულება „მედინას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითს, 35 წლამდე კაცს დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკა ,,მედინაში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მორიგე ექიმის ინფორმაციით ახალგაზრდა კაცს სახეზე მრავლობითი დაზიანება, ნაფლეთოვანი ჭრილობები აღენიშნებოდა.
შესაბამისი კვლევებით დადგინდა, რომ დაშავებულს ქალატვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.