ბათუმმა უნდა იცოდეს, რომ უკვე ბევრნი ვართ - მოპედის მძღოლები მსვლელობას გეგმავენ

07 დეკემბერი 2018, 00:00 3167 ნახვა

გიორგი ბათუმის ქუჩებში ყოველდღე მოპედით გადაადგილდება, ერთ-ერთ პიცერიაში მუშაობს და დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე უწევს რამდენჯერმე მისვლა. ყვება, რომ ქალაქში გადაადგილების დროს პრობლემები ექმნება და არც ქვეითები არიან ყურადღებით ქუჩის კვეთის დროს.  

"რამდენიმე დღის წინ ქალს მცირეწლოვანი ბავშვი ქუჩაზე ისე გადაჰყავდა, რომ მარჯვენა ზოლისკენ, სადაც მოპედები მოძრაობენ, არც კი გაუხედავთ. ხშირად სიტყვიერი შელაპარაკებაც გვიხდება, რადგან მოქალაქეები მსგავს სიტუაციაში აგრესიაზე გადმოდიან და მოპედის მძღოლებს გვეჩხუბებიან. ჩვენი სამოძრაო გზა კი მარჯვენა მხარე არის, თუმცა არავინ აკვირდება, გადაგირბენენ წინ და მერე შენ ხარ დამნაშავე.   მეორე ამბავია მანქანის კარის გაღება, ისე გადმოდიან არც კი იხედებიან, მოხვევის დროს სარკეში არგიყურებენ. ნიშანს არ გვაძლევენ, როცა მარჯვნივ უხვევენ. როდესაც გაახსენდებათ, მაშინ რთავენ მოხვევის ნიშანს. ზოგჯერ ძალიან გვიანია და ავარიებიც ხდება" - ამბობს გიორგი შაქარაძე.

ბოლო პერიოდში მოპედებით ავარიულ სიტუაციებში მოხვედრის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა როგორც გიორგი ამბობს, დარღვევების დროს პოლიციაში არავინ რეკავს. მხოლოდ მაშინ იწყება გამოძიება, თუ ფაქტს პატრული შეესწრო.

''არ ვამბობ, რომ მოპედის მძღოლები არ აშავებენ.  მეც დამირღვევია წესები და მარცხენა მხარეს გავსულვარ, მაგრამ სხვისთვის საფრთხე ან ავარიული მდგომარეობა არ შემიქმნია. კანონი, რომ მოპედმა მარჯვენა მხარეს უნდა იაროს და არა შუაში ან მარცხენა მხარეს, ვფიქრობ არაა მართებული''.

გიორგი და მისი მეგობრები რამდენიმე დღეში შეკრებას და მსვლელობის მოწყობას გეგმავენ. სურთ ბათუმელებმა გაიგონ, რომ ქალაქში ათობით მოქალაქე მოპედით გადაადგილდება და მათაც აქვთ უფლებები.

"გსურთ კანონი ყველამ დაიცვას. არ იცის ქალაქმა მოპედი რას ნიშნავს, რომ იცოდეს მძღოლის თითოეული ნაბიჯი​ გათვალისწინებული იქნება. მინდა დავანახო ბათუმს რომ ერთი და ორი მოპედი არ მოძრაობს, უკვე ძალიან ბევრნი ვართ და ეს ხდება მასობრივი გადაადგილების საშუალება. ჯობია ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ, ჰარმონიულად ვიყოთ, ჩვენ ჩვენი გზით ვივლით არავის შევაწუხებთ, იმათმა თავიანთი გზით იარონ''.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რომელშიც მოპედიც მონაწილეობდა გაზრდილია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში მსგავსი რამდენიმე მასალა იძებნება.  

აღსანიშნავია, რომ 50cc მოცულობის ძრავის მქონე სკუტერს (მოპედი) არ სჭირდება მართვის მოწმობა, ამიტომ მას ბევრი არასრულწლოვანიც მართავს. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რაღაცა ტიპის რეგულაციები დაწესდეს მის ტარებაზე და იმ პირებს, ვინც მოპედით გადაადგილდება ჰქონდეს საჯარიმო სანქციები დარღვევების შემთხვევაში. 

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი