“ჩემი წარსული გამოცდილებითა და კონტაქტებით აქტიურად ვიზრუნებ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე, ჩვენ უკვე გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია– ასე უპასუხა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია i24News-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
უკრაინის კრიზისთან და ქერჩის სრუტეში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან კარგად ესმის, რა ხდება უკრაინაში და რომ, შავი ზღვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა პასუხისმგებელი რუსეთი ამ კრიზისების გამო, არჩეული პრეზიდენტი აცხადებს: „დიახ, რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს. რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრობა ნიშნავს პასუხისმგებლობას სტაბილურობაზე და შეწყვიტოს ძველი საბჭოთა იმპერიის მსგავსი ქმედებები. ჩვენ, როგორც მეზობლები, ვერ ვიცხოვრებთ მუდმივად არასტაბილურობის საფრთხის ქვეშ, როგორც ამას დღეს რუსეთი ახორციელებს მისი მეზობლების მიმართ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობების შესახებ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. “იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ოკუპაციის ხაზზე, სადაც ხალხს იტაცებენ და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში გადმოდის, იმის გათვალისწინებით თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია, რომ ყველაფერი ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ახლა თანამშრომლობაზე გადავიდეთ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პროევროპული პოზიცია უკავია და იმ შემთხვევაში, თუ დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, საქართველო გვერდზე არ დარჩება.