სოფელ კვარიათში გუშინ გვიან ღამით, მემიშიშების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწის მასამ საფრთხე ორ ოჯახს შეუქმნა.
ჯეირან მემიშიშის 7 წევრიან ოჯახს, ბათუმის მერია დროებით ქირით გაიყვანს. ისინი კომპენსაციას ითხოვენ. ჯეირან მემიშიშის თქმით, სახლი საცხოვრებლად სახიფათოა, ამიტომ მათი გასახლებაა საჭირო.
მეორე საცხოვრებელი სახლი გერმანიის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, საქართველოში არ იმყოფება.
მეწყრული პროცესები ძლიერი წვიმის დროს გააქტიურდა. ჯეირან მემიშიშია ინფორმაციით, საავტომობილო გზა უკვე 2 წელია გამაგრებას საჭიროებს.
''მიწა ჩამოდის უკვე რამდენიმე დღეა. წაღებულია გზა. ბზარები არის ეზოშიც. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ადგილზე იმყოფებოდა და გვითხრა, რომ ქირით გაგვიყვანს. ორი წლის წინ ძლიერი წვიმის დროს გზა დაზიანდა. ჩემი განცხადება დღესაც მერიაში დევს. ეს გზა, რომ გაკეთებულიყო დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. ტენდერიც იყო გამოცხადებული, არ ვიცი რატომ ვერ მოხერხდა სამუშაოების ჩატარება. ახლა გვითხრეს, სანამ ნიადაგი არ გამოშრება ვერაფერს ვიზამთო. აქ სულ წვიმაა და მალე ეს სახლები დაინგრევა. ოჯახები რომ გამოგვიყვანეს ეს გამოსავალი არ არის. აქ სასწრაფოდ დამცავი ჯებირებია გასაკეთებელი'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯეირან მემიშიშმა.