გასულ წელს ჩაქვში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი ანზორ კონცელიძის მკვლელობაში ბრალდებული სიმონ ავალიანის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა დაასრულა. გამოძიებით უკმაყოფილოა როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის მხარე.
სასამართლო პროცესზე გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვალეს და ბრალდებულის სასარგებლო ჩვენება მისცეს ბრალდების მოწმეებმა. დაზარალებულის ახლობლებმა კი ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეს. ბრალდებულის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ დამნაშავე სხვა პირია და სიმონ ავალიანი გამართლდება. ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ 22 ნოემბერს გამოიტანს.