თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობაში შეჭრილებმა შენობა დატოვეს

26 ოქტომბერი 2018, 00:00 1598 ნახვა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობაში თვითნებურად შეჭრილმა 15-მა ოჯახმა ობიექტი დატოვა. 

ისინი შუახევის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ ჩამოსულები და ბათუმში ქირით ცხოვრობდნენ. ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუს ატარებენ და საცხოვრებელი არ აქვთ.  

შენობაში თვითნებურად შეჭრილებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გუშინვე შეხვდნენ. მოლაპარაკების შემდეგ მოქალაქეებმა  ტერიტორია დატოვეს. 

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ოჯახების მდგომარეობას დეტალურად შეისწავლიან და გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ. 

''ერთ-ერთი ოჯახი მრავალსულიანია, ბათუმის მერიას პროგრამა აქვს, რითაც შესაძლოა ამ ოჯახს დავეხმაროთ, თუმცა მანამდე შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ.'' - განმარტა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ. 

ბათუმის მერიაში დღეს შეხვედრაა დაგეგმილი. ოჯახები, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მერიის თანამშრომლებს ამ ფორმატში მიაწვდიან. 

​​'' ჩვენ მათ შევთავაზეთ კონკრეტული წინადადებებით მოვიდნენ მერიაში. ინდივიდუალურად იქნება ყველას საკითხი განხილული. რამდენადაც მე მათი საუბრიდან გავიგე, სოციალურად დაუცველები არიან. შევისწავლით 15-ვე ოჯახს და მერიის სოციალურად დაუცველთა პროგრამით დავეხმარებით, თუ პროგრამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.'' - ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე.

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობაში, 15-მდე ოჯახი თვითნებურად გუშინ გვიან ღამით შეიჭრა.

ამავე კატეგორიაში