მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად გზა ავტომობილებით ჩახერგეს 

25 ოქტომბერი 2018, 00:00 3263 ნახვა

ინასარიძის 24 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქეებმა კორპუსის წინ არსებული გზა ტრანსპორტით ჩახერგეს და დროებით გადაკეტეს. ამბობენ, რომ სახლის წინ მდებარე ტერიტორია კანონით ამხანაგობას ეკუთვნის, თუმცა მიმდებარედ აშენებული მრავალსართულიანი ობიექტების გამო, წლებია ეზო საავტომობილო გზა იქცა. 

ყვებიან, რომ ბათუმის მერიას ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. მათი თქმით, თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ მიწის ნაკვეთი ამხანაგობის ბალანსზე იყო, ამიტომ სამუშაოები ვერ განახორციელებდნენ.  

მოქალაქეები მზად არიან ნაკვეთი საავტომობილო გზისთვის მერიას დაუთმონ, სანაცვლოდ კი კორპუსთან ახლოს არსებული სხვა ტერიტორიას ითხოვენ. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. ისინი მოსახლეობას გზის გახსნას სთხოვენ. 

ინასარიძის 24 ნომერთან დღეს ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხეილ დილიმაშვილიც მივიდა. ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ ეზოში მანქანა ყავდა გაჩერებული და შემთხვევის ადგილზე ამიტომ აღმოჩნდა. 

ინასარიძის 24 ნომერთან დღეს ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. სულხან ევგენიძის განცხადებით, ადგილმონაცვლეობის საკითხი დღის წესრიგში დგას, მერია თანახმაა. ხარვეზია დოკუმენტებში, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოსწორდება.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც გზაზე ასფალტს დააგებენ

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამ წუთებში მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ხვდება, რომელსაც პროექტის დეტალებს გააცნობენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი