ე.წ. ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლები, ყოფითი პრობლემების მოგვარებას დღეს საპროტესტო აქციებით მოითხოვენ. ისინი ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობების შექმნას მთავრობას სთხოვენ.
ამბობენ, რომ დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. რაც ადგილზე მცხოვრები 800-მდე ბავშვს, სკოლებსა თუ ბაღებში გადაადგილებისას პრობლემას უქმნის.
''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლები ყვებიან, რომ დასახლებაში გარე განათების ბოძები დამონტაჟებული არ არის, რის გამოც, ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადას სახლის პოვნა უჭირს და აგვიანდება.
დასახლებაში ხანძარი არაერთხელ გაჩნდა. რამდენიმე ხის ფიცრული დაიწვა. მოქალაქეების თქმით, ელექტროგაყვანილობა მოწესრიგებული არ არის. გაუმართავი სადენების გამო კი, ისინი მუდმივად შიშის ქვეშ არიან.
მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ მათ ხშირად სოციალურად დაუცველის სტატუსსაც უუქმებენ.
ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე აჭარის მაღალმთიანეთიდან ოჯახებმა ჩასახლება 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყეს. მოქალაქეებმა ჯერ ხის სახლები ააშენეს, შემდეგ კი ხის ფიცრულების გვერდით ქვის ნაგებობებიც გაჩნდა.
დასახლებას ‘’ოცნების ქალაქი’’ დაარქვეს.
წლების განმავლობაში ჩასახლებულთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა. ეკომიგრანტების პარალელურად ე.წ ‘’ოცნების ქალაქში’’ ისეთი ოჯახებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ე.წ. ‘’გასაყოფი ოჯახები’’, ასევე მარტოხელა დედები.
არაოფიციალური ინფორმაციით ე.წ. ‘’ოცნების ქალაქში’’ ამ ეტაპზე დაახლოებით 3000 ხის და ქვის სახლია აშენებული.
რას გეგმავს ხელისუფლება? აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩასახლებულებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას მოგვიანებით მოგაწვდით.
ფოტო: European.ge